დარწმუნებული ვარ, საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საკითხი ბავშვებზე მზრუნველობას ეხება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტიც ჩაერთო, რათა სახალხო დამცველმა იქ მონიტორინგის განხორციელება შეძლოს.
„ბავშვის უფლებების კონსტიტუციური დაცვის მექანიზმები ბავშვზე ვრცელდება ყველგან, ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა იყოს ის. საქართველოს მოქალაქე ყველა ბავშვი დაცულია ამ კონსტიტუციური მექანიზმებით.
რაც შეეხება სახალხო დამცველს, მას აქვს უფლება ჩაატაროს მონიტორინგი ნებისმიერ დახურულ დაწესებულებაში, სადაც განთავსებული არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები. მე დიდი იმედი მაქვს, რომ საპატრიარქოსთან კომუნიკაციით ამ საკითხის შეთანხმება მოხდება.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ჩაერთო ამ საქმეში და ვფიქრობ, პარლამენტი ხელს შეუწყობს, ამ საერთო ჭეშმარიტებაზე შეთანხმება მოხდეს. დარწმუნებული ვარ, საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საკითხი ბავშვებზე მზრუნველობას ეხება“, – განაცხადა თალაკვაძემ.