ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, სოცმუშაკები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში იმდენ ხანს დარჩებიან, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან.
„შეთანხმება შედგა. შეხვედრაზე ვიყავით ეკლესიის წარმომადგენლები, ხელისუფლების წარმომადგენლები და სოცმუშაკები. შევთანხმდით, რომ სოცმუშაკები დარჩებიან აქ. ჩვენ ყველას გვექნება კომუნიკაცია ერთმანეთთან. სოცმუშაკების ნაწილი იმუშავებს დღის განმავლობაში, რამდენიმე კი ღამითაც დარჩება და ბავშვებთან მათი ეს ურთიერთობა გაგრძელდება რამდენ ხანსაც ჩათვლიან ისინი საჭიროდ“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სავარაუდო ძალადობის შესახებ, თავად ბენეფიციარები „ქრონიკასთან“ ალაპარაკდნენ. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი, მათივე თქმით, ორი დღის წინ მოხდა. არასრულწლოვნები ამბობენ, რომ შემთხვევების შესახებ მეუფე სპირიდონი არ იყო ინფორმირებული, მათზე აღმზრდელები ზემოქმედებნენ. რომელთა ნაწილი გათავისუფლებულია, თუმცა ნაწილი ისევ ადგილზე რჩება. კითხვაზე – იცოდა თუ არა მეუფე სპირიდონმა ამ ფაქტების შესახებ, ბავშვები ამბობენ, რომ მათ ვერ შეძლეს მეუფესთვის ეთქვათ, როგორ ძალადობდნენ მათზე აღმზრდელები და ასევე ვერ მოახერხეს, რომ ეს ამბავი ვინმესთვის ეთქვათ.