საქართველოს საელჩო საბერძნეთში ეხმაურება ბერძნულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 26 ივნისს, კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ხანიის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ორ თანამესაკნეს, საქართველოს მოქალაქეებს შორის მოხდა დაპირისპირება, რასაც ერთ-ერთის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„დაპირისპირების დროს, ხელნაკეთი დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად, საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, საბერძნეთში საქართველოს საელჩოს კონსული ესაუბრა ქალაქ ხანიის ციხის ადმინისტრაციის უფროსს, რომელმაც პირად საუბარში დაუდასტურა ზემოაღნიშნული ფაქტი. ასევე, განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ უკვე ინფორმირებულია მისი ოჯახი. საელჩო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მისი ოჯახის წევრებს. საქართველოს საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია ქალაქ ხანიის ციხის ადმინისტრაციასთან და მზადაა, კომპეტენციის ფარგლებში, აღმოუჩინოს ყველანაირი დახმარება გარდაცვლილის ოჯახს“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.