გამოცდაზე მოქცევის წესები ყველა გამოსაცდელის უფლებებისა და ინტერესების დაცვას ემსახურება. ამ წესებით უზრუნველყოფილია სექტორში სამუშაო პირობების შექმნა და პროცესის სამართლიანად და ობიექტურად წარმართვა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„გამოსაცდელი გაფრთხილებას მიიღებს შემდეგ შემთხვევებში: კურატორის ან მეთვალყურისათვის ტესტის შინაარსთან დაკავშირებული კითხვების დასმა;
საგამოცდო პროცესის დროს საუბარი, ერთმანეთთან გადალაპარაკება ან რამე ფორმით ერთმანეთის დახმარების მცდელობა;
მეთვალყურის ან კურატორის მითითებამდე ტესტზე მუშაობის დაწყება;
საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება;
სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება;
პასუხების ფურცლის შესავსებად ცენტრის ან ცენტრის მიერ ნებადართული კალმის გარდა სხვა კალმის გამოყენება;
პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვ.) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან.
ერთი გაფრთხილების შემდეგ იმავე ან ნებისმიერი სხვა დარღვევის განმეორების შემთხვევაში გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან“, – ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.