ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, რომელიც, ოფიციალური ვიზიტით, სომხეთს სტუმრობს, პრემიერის მოვალეობის შემსრულებელთან, ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.
ჟურნალისტებთან საუბრისას, მას სომხური ARMENPRESS-ის ჟურნალისტმა ჰკითხა: „ხედავთ თუ არა რაიმე წინააღმდეგობას აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებაში, რომელშიც, ერთის მხრივ, საუბარია მშვიდობაზე და მეორე მხრივ – სომხეთის ტერიტორიებისადმი მისწრაფებაზე?“.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა აგრესიულ რიტორიკაზე უარის თქმა.
„პოლიტიკური მოქმედებებით, ყველაფერი შესაძლებელია. მნიშვნელოვანია აგრესიული რიტორიკისთვის თავის არიდება, რათა მიიღწეს სტაბილურობა და მშვიდობა რეგიონში“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აუცილებელია, დიალოგის გზით, არსებული კონფლიქტის დაძლევა.
„ხვალ ვხვდები აზერბაიჯანის პრეზიდენტს. ვეცდები დავინახო, რა სახის კონსტრუქციული, პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია ევროკავშირს მინსკის ჯგუფის მხარდაჭერის კუთხით. ევროკავშირის ისტორიაც უწინდელი კონფლიქტების დაძლევას ეფუძნება. წინა კონფლიქტების გადალახვის შემდეგ, ევროკავშირის დონეზე ძალიან სერიოზული პროგრესი მიიღწა. ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ. პირველ ყოვლისა, ეს მარტივი არ ყოფილა. ჩვენ შევძელით, პროგრესისთვის ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვეღწია და შეგვექმნა უნიკალური პოლიტიკური კურსი, რომელიც ურთიერთპატივიცემასა და თანამშრომლობას ეფუძნება“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.
სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიტიტების დასრულების შემდეგ, შარლ მიშელი საქართველოს ეწვევა და ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.