საქართველოს მთავრობა აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად ასამოქმედებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პერიოდული ტესტირების ვადა განისაზღვრება საკონსულტაციო კომპანიასთან შეთანხმების შედეგად. დადგინდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ბაზარზე მაქსიმალურად მორგებული კონკურენტული ფასი. 2017 წლის ბოლომდე საქართველოს ყველა რეგიონში პერიოდული ტექნიკური ისპექტირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა სრულად იქნება გამართული. ინსპექტირების ნორმები კანონით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად (2018 წლის 1-ელი იანვრიდან) ამოქმედდება. წინასწარი გათვლებით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმაში დაახლოებით 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. შესაბამისი ინფრასტრუქტურის ამოქმედება შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ჩვენი წინასწარი შეფასებით, აღნიშნულ პროცესში 1000-მდე სპეციალისტი მომზადდება და დასაქმდება”, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველო წარმატებით შეასრულებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს, რითიც მოხდება საავტომობილო ტრანსპორტის უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედ სტანდარტებთან საქართველოს სტანდარტების ჰარმონიზაცია.
„რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რეფორმის განხორციელების შემდეგად მოხდება: ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების, ადამიანისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის მინიმუმადე დაყვანა; საავტომობილო მიმოსვლისას მძღოლისა და მგზავრის უსაფრთხოების, აგრეთვე საავტომობილო გზების, საგზაო ნაგებობებისა და ტვირთის დაცულობის გაუმჯობესება”, – განაცხადა მინისტრმა.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა აგრძელებს რეფორმების ეტაპობრივად გატარებას.
„ავტოტრანსპორტის სავალდებულო პერიოდული ტესტირების შემოღებითა და სათანადო ინფრასტრუქტურის გამართვით ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების პრობლემა, რაც დადებითად აისახება როგორც ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, ასევე ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მოთხოვნა კომპანიების მიმართ, რომლებიც ინტერესთა გამოხატვაში მიიღებენ მონაწილეობა არის საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, გარდა ამისა, კომპანია ტესტირებას უნდა ატარებდეს სულ მცირე სამ ქვეყანაში.