დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო გარემო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით გაუმჯობესებულია, – ამის შესახებ ”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” სადამკვირვებლო საქმიანობის საბოლოო ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, ორგანიზაციის დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ არჩევნების პირველი ტურისთვის პროცესის სანდოობისთვის საჭირო ძირითადი კომპონენტები უმეტესწილად არსებობდა.
”მედია გარემო რეგიონში ყველაზე თავისუფალი და მრავალფეროვანია, თუმცა პოლიტიზირებული და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედია საშუალება სამართლებრივი მუქარის ქვეშაა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. კონკურენტული, მრავალპარტიული არჩევნები ჩვეულ ნორმას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების (გარდა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებისა), დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო გარემო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით გაუმჯობესებულია. თავის მხრივ, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გარემო გაუარესდა და მაგალითად მოჰყავთ მათი წარმომადგენლების დაპატიმრება, ძალადობისა და სროლების შემთხვევების დაუსჯელობა და არათანაბარი პირობები. ეს ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები, ნაწილობრივ, ორ მთავარ პარტიას შორის არსებული განსხვავებული პერსპექტივისა და გამოცდილების მაჩვენებელია. წინასაარჩევნო გარემოზე ამ ორ პარტიას შორის მიმდინარე დაპირისპირება დომინირებდა”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
NDI-ის შეფასებით, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ ბევრ ამომრჩეველს არ ჰქონდა გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემდა ხმას და მათ წინაშე არსებული პოლიტიკური არჩევანის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდა, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლების ისტორიულად დაბალ აქტივობაში აისახა.
”NDI-ის კვლევების თანახმად, მოსახლეობა უკმაყოფილოა ამგვარი პოლიტიზირებული პოლიტიკური გარემოთი, რის გამოც ყურადღება ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანი საკითხებიდან ნაკლებად საინტერესო თემებზე გადადის. მოსახლეობის ნდობა პოლიტიკური ინსტიტუტებისადმი, რომელსაც არსებულ ცვალებად გარემოში კონკრეტული შედეგების მიღწევა უჭირს, მყიფეა. საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა არ ეთანხმება, რომ პოლიტიკური პარტიები მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებენ. ისინი თვლიან, რომ უგულვებელყოფილნი არიან არჩეული თანამდებობის პირების მხრიდან, განსაკუთრებით ეროვნულ დონეზე. ბევრ ამომრჩეველს არ ჰქონდა გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემდა ხმას და მათ წინაშე არსებული პოლიტიკური არჩევანის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდა, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლების ისტორიულად დაბალ აქტივობაში აისახა”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.