ესეც ტყუილი თქვით. ერთი ადამიანის გამასპინძლება ამდენი და იმდენი ჯდება, ტყუილია, დეტალები არ ვიცი, მაგრამ გაცილებით ნაკლები ღირს, გულწრფელად არ ვიცი, ზუსტად რა ჯდება, მაგრამ არა ის თანხები, რაც თქვენ თქვით, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტს წინანდალში, რომელმაც თქვა, რომ მმართველი პარტიის წევრებისთვის 450-კაციანი ვახშამია შეკვეთილი და ერთი ადამიანის გამასპინძლება 350 ლარი ჯდება.
„დღევანდელი შეკრების მიზანი ვახშამი კი არ არის, ვახშამი არის ყველა სასტუმროში თანმდევი მომსახურება და სერვისი, როცა სასტუმროს იღებ. დღევანდელი შეკრების მიზანი არის ის, რომ გუნდი, მათ შორის, მთავრობის წარმომადგენლები, პრაქტიკულად სრული შემადგენლობით, საკრებულოში არჩეული თავმჯდომარეები, მერები და თითქმის, ყველა დეპუტატი ვისაც აქ ჩამოსვლის საშუალება ჰქონდა, ვიკრიბებით, რომ გუნდურ, საერთო ხედვებზე შევჯერდეთ და ძალიან კარგი იქნება, ამას ხშირად თუ მოვახერხებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ეს შეკრება პარტიული თანხებით ფინანსდება.
„თქვენი ბელადისგან განსხვავებით, რომელიც საბიუჯეტო თანხებით აწყობდა სამუშაო შეხვედრებს, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, ამას კი არ აწყობდა, არამედ აწყობდა ღრეობებს, ბოტოქსებს და ლიპოსაქციებს იკეთებდა, მისი და უგულავას გახდომაზე ფიქრობდა, რომელ ქვეყანაში უკაცრავად, მაგრამ „ეგულავა“, ამისგან განსხვავებით, ჩვენ ამ სამუშაო შეხვედრას ვაფინანსებთ პარტიული თანხებით“, – განაცხადა მდინარაძემ.
