საქართველო რეგიონში ლიდერია, როცა საქმე ეხება კორუფციის დაბალ დონეს, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა, რომელმაც დღეს მედიის წარმომადგენლებს ორგანიზაციის მიერ კორუფციის გლობალური ბარომეტრი 2016-ის მონაცემები გააცნო.
ეკა გიგაურის ინფორმაციით, კვლევის შედეგად გამომჟღავნდა, რომ საქართველო რეგიონში კორუფციის დაბალი დონით ლიდერია და ის რეფორმები, რომელიც ძალიან ბევრი წლის წინ დაიწყო, ძალიან დაბალ დონეზე კორუფციასთან ბრძოლის, დღესაც კვლავ ეფექტურად მოქმედებს.
„დღეს ჩვენს მოქალაქეებს არ უწევთ ქრთამის გადახდა, როცა საქმე ეხება პოლიციას, არ უწევთ ქრთამის გადახდა, როცა საქმე ეხება დოკუმენტის აღებას და ა. შ. თუმცა ჩვენ ვაფიქსირებთ უარყოფით ტენდენციასაც. კერძოდ, უარყოფითად ფასდება მთავრობის მიერ გადადგმული ანტიკორუფციული ნაბიჯები. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ რეაგირება მოახდინოს მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კორუფციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ფაქტებზე. გვაქვს რეკომენდაცია, რაც უკავშირდება პროკურატურის და სასამართლოს დამოუკიდებლობას. ასევე ვფიქრობთ, უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური“, – აღნიშნა გიგაურმა.
რაც შეეხება თავად კვლევას, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ევროპისა და ცენტრალური აზიის 42 ქვეყნის თითქმის 60 ათასი მოქალაქე გამოკითხა, კვლევის შედეგებით, ქვეყნის სამ მნიშვნელოვან პრობლემას შორის კორუფციას საქართველოში გამოკითხულთა 12% ასახელებს. კორუფციის გლობალური ბარომეტრი 2016 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 58%-ს ჰქონდა შეხება საჯარო სამსახურის 8 სფეროდან ერთ-ერთთან მაინც და აქედან 7%-ს საჯარო მომსახურების მისაღებად ქრთამის გადახდა მოუწია.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ეს მაჩვენებელი გაუარესებულია 2013 წელთან შედარებით.
კვლევის ფარგლებში მოქალაქეებს ჰკითხეს, აქვთ თუ არა მდიდრებს გადამეტებული გავლენა მთავრობაზე.
„მოსაზრებას, რომ მდიდარი პირები ხშირად იყენებენ თავიანთ გავლენას მთავრობაზე პირადი ინტერესებისთვის და რომ ამგვარი ქცევით პრევენციისთვის უფრო მკაცრი წესებია საჭირო, საქართველოში გამოკითხულთა 48% ეთანხმება, მდიდრების გადამეტებული გავლენა დიდ პრობლემად გამოკითხულთა 29%-ს მიაჩნია“, – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაში.