ისნის მეტროსადგურში სამართალდამცველის მიერ ნაცემი არასრულწლოვანის მეგობარი ამბობს, რომ დაზარალებული მეტროს ესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდა, რამაც პოლიციელის გაღიზიანება გამოიწვია.
“ჩემი მეგობარი ესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდა და ამან გამოიწვია პოლიციელის აგრესია, რის შედეგადადც ხელით, წიხლით ფიზიკურად გაუსწორდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჩვენ რომ ვუთხარით, რომ ყრუ-მუნჯია და არ შეუძლია ლაპარაკი, მან გვითხრა, რომ აალაპარაკებდა და რა მეთოდით სცადა ალაპარაკება, თქვენც ნახეთ”. – ამბობს ის მთავართან ინტერვიუში.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ცემის საქმეზე 2 პოლიციელია დაკავებული – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებებით.
“საპატრულო პოლიციის ერთმა თანამშრომელმა არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში და მოქაჩა თმაში. მიუხედავად არასრულწლოვნის მინიშნებისა, რომ იგი იყო სმენადაქვეითებული და არ ესმოდა საუბარი, პოლიციის თანამშრომელი აგრძელებდა გამეტებით მის ცემას. ძალადობის ფაქტს შეესწრნენ არასრულწლოვნის თანმხლები პირებიც. აღნიშნული ქმედებით არასრულწლოვანმა მიიღო დაზიანებები თავისა და სახის არეში, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თავი იგრძნო დამცირებულად”. – თქვეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.
