ამერიკაში მცხოვრები, ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორი დოდონა კიზირია, სოციალურ ქსელში წერს:
“რა თავგანწირვით, რა გმირულად იბრძვიან უკრაინელები – დიდი, პატარა, ქალი, კაცი, მოხუცი, ახალგაზრდა! გუშინ ერთერთმა უკრაინელმა სიენენის ჟურნალისტის კითხვას უპასუხა: „სიკვდილის არ მეშინია, უკრაინის დაკარგვის მეშინია“. საამყოა ასეთ ხალხთან გვერდით დგომა, მათთან ერთად ოკუპანტის წინააღდეგ ბრძოლა. არდავიწყება იმ გმირებს, რომლებიც ამ ბრძოლაში დაეცნენ!
ჩვენ კი, ვაგლახ, ვერ ვივარგეთ მიუხედავად არაერთი მართლაც ღირსეული და ბრძოლისთვის შემართული ადამიანისა. არა და ჩვენ პირველებმა მივაყენეთ დარტყმა საბჭოთა იმპერიას, პირველებმა მოვითხოვეთ დამოუკიდებლობა. არასოდეს დამავიწყდება ის ახლაგაზრდა, რომელიც 9 აპრილს ტანკის წინ იდგა და ამ რკინის მონსტრს გამეტებით ურტყამდა ჯოხს.
ამაზე გამახსენდა ერთი რამ, რის შესახებაც, თუ არ ვცდები, რამდენიმე წლის წინ დავწერე. მაგრამ გამეორება ცოდნის დედააო, ამბობენ და გავიმეორებ. გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, ეგრეთწოდებული „გლასნოსტის“ და „პერესტროიკის“ ეპოქაში, ჩვენთან, ინდიანას უნივერსიტეტში ჩამოვიდა ერთი ახალგაზრდა, რომელიც ლენინგრადში (როგორც მაშინ ერქვა) საბჭოთა აკადემიასთან არსებულ ეთნოგრაფიის კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა.
ეს ინსტიტუტი სრულიად იყო დაქვემდებარებული კაგებეს და მის სპეცდაკვეთებს ასრულებდა. ამ ახალგაზრდამ, რომელსაც, თუ მახსოვრობა არ მღალატობს, ანდრეი ერქვა, სწორედ ამ თემაზე წაგვიკითხა ლექცია. რამდენიმე ბევრისმთქმელი ფაქტი საქართველოზეც ახსენა.
ისე მომეწონა მისი საინტერესო და გაბედული ლაპარაკი, რომ ერთ-ორ კოლეგასთან ერთად ჩემთან დავპატიჟე და ცოტა რამ, რაც მქონდა იმით გავუმასპინძლდი. ვუთხარი, მე საქართველოდან ვარ-მეთქი. ამაზე აი, ასეთი რამ გვიამბო. ეს ეთნოგრაფიის ინსტიტუტი საგულდაგულოდ შეისწავლიდა საბჭოთა კავშირში შემავალი ხალხების ფსიქოლოგიას, მენტალიტეტს, სოციალურ ჩვევა-მიდრეკილებებს. ეს უზარმაზარი მასალა ისე აქვთ დამუშავებული და დახვეწილი, რომ ისიც კი იციან, როგორ გადაამტერონ, მაგალითად, კახელი იმერელს, მეგრელი რაჭველს და ასე შემდეგ. ერთხელ, თურმე ჩაუტარებიათ სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს სოფლებში (სამივეგან სამ-ოთხ სოფელში) ასეთი გამოკითხვა – „რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობა, რომელიც თქვენს ნდობას იმსახურებს და რომელსაც ისურვებდით ცხოვრებაში?“ სომხების პასუხი უმთავრესად იყო ფული, აზერბაიჯანელების – რელიგია, ქართველების – მეგობრობა.
ღმერთო, როგორ გავიხარე! რა სიამაყე ვიგრძენი! რა თვალგაბრწყინებული ვუსმენდი ანდრეის და გადავხედავდი ხოლმე ჩემს კოლეგებს, აი, ვინ ვართ ქართველები-მეთქი.
ეჭვი არ მეპარება, რომ დღეს ამგვარ კითხვას ბევრი, ძალიან ბევრი ქართველი სულ სხვაგვარად უპასუხებდა. ეს იქნებოდა ფული, ფული, ფული და ისევ ფული. აი, ასე გაათახსირა, გარყვნა და გადააგვარა ქართველობის დიდი ნაწილი… რამ? კაგებემ? უწიგნურმა და ფლიდმა ბორია პატარა ცახესმა? რამ გაგვხადა ასეთი ერთმანეთის მოძულე, ერთმანეთის მტრად გადაქცეული ერი?! ამ კითხვებს თქვენ გაეცით პასუხი.
იმედი სულ ბოლოს კვდებაო, უთქვამთ და მეც ვებღაუჭები იმედის სულ პაწაწინა ციმციმს. მინდა მჯეროდეს, რომ უკრაინის გამარჯვება, – უკრაინა კი უსათუოდ გაიმარჯვებს, – ჩვენც გადმოგვანათებს, ჩვენც შეგვაძლებინებს შევაჩეროთ ქვეყნის სრული განადგურების პროცესი და აღორძინებისკენ შემოვაბრუნოთ.”– წერს დოდონა კიზირია.
