ბრიუსელმა უნგრეთის ოპოზიციას ერთპარტიული უმრავლესობის მოპოვება მიულოცა, ქართველებთან კი კიდევ ერთხელ დამარცხდა. მამლის ყივილამდე უარყვეს, რასაც გვიმტკიცებდნენ, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა ცუდია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ მხრივ უნგრეთის არჩევნების შედეგი საინტერესოა.
„იცით, რომ უნგრეთში ოპოზიციურმა ლიდერმა მოიპოვა ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობა, ყველამ მოულოცა. რა თქმა უნდა, ჩვენც ვულოცავთ, თუმცა გაიხსენეთ, ჩვენთან რა ისტერია ჰქონდა ბრიუსელს და მის დაქირავებულ ჯგუფებს, თითქოს კოალიციური მთავრობის გარეშე არ არსებობს, კონსტიტუციურ უმრავლესობა არის არადემოკრატიული, არადემოკრატიულია, თუ ერთ პარტიას აქვს უმრავლესობა. კარგად მიულოცეს უნგრეთის ოპოზიციას ერთპარტიული კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება. აქედან გამომდინარეც, შეგვიძლია, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში სხვების მავნე ხელების ფათურის ეს თავიც გადავფურცლოთ. გვარწმუნებდნენ, თითქოს ერთპარტიული, კონსტიტუციური უმრავლესობა ცუდი და ანტიდემოკრატიულია. თავად ბრიუსელმა დაადასტურა, რომ მთავარია, ხალხი როგორ აირჩევს და ხალხის არჩევანი თუ არის ასეთი, ყველამ უნდა მიიღოს. ამიტომ, თავისი ნაბიჯითაც კიდევ ერთხელ დამარცხდა ბრიუსელი. დამარცხდა ქართველებთან იმით, რომ მამლის ყივილამდე უარყვეს ყველაფერი, რასაც გვიმტკიცებდნენ, რომ კონსტიტუციური, ერთი პარტიის უმრავლესობა ცუდია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
