საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 30 ნოემბერს ბელგიის სამეფოს ეწვევა.
საქართველოს მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომაში, რომელიც ბრიუსელში 2 დეკემბერს გაიმართება.
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტებთან – მანფრედ ვებერთან და ჯანი პიტელასთან. გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან: ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანთან, მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსისთან, ევროკომისართან კლიმატური და ენერგო რესურსების საკითხებში მიგელ არიას კანიეტესთან, ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომთან, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან ელმარ ბროკთან.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.