ევროკავშირმა დაასრულა ყველა ფორმალური პროცედურა და საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი დაშვებულია.
„ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ევროპის კანონმდებლობასთან დაახლოებას გულისხმობს. კერძოდ, დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების მონიტორინგის გეგმა. 2015 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“, რომელიც თაფლთან დაკავშირებით მოთხოვნებს ადგენს“, – აცხადებს ლევან დავითაშვილი.
სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სტანდარტებით თაფლი აწარმოოს და ბაზარზეც დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად განათავსოს. შესაბამისად, თაფლის მწარმოებლებს საშუალება აქვთ, შესაბამისი სტანდარტების დაცვის შემთხვევაში, საკუთარი პროდუქცია ევროპის ბაზარზე განათავსონ.