შემოსავლების სამსახურმა ვიდეო ზარით მომსახურების სერვისი განაახლა, რომელიც სრულად მოერგო გადასახადის გადამხდელთა მოთხოვნებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვიდეო ზარით მომსახურების მიღება შესაძლებელია, როგორც საკუთარი სახელით, ასევე მინდობილი პირის მეშვეობითაც, სამუშაო დღეების განმავლობაში – 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ განხორციელდა ვიდეო ზარის სერვისის განახლება – videocall.rs.ge, რომელიც სრულად მოერგო გადასახადის გადამხდელთა მოთხოვნებს. ახალი სისტემა შესაძლებლობას გაძლევთ, ადგილიდან გაუსვლელად მიიღოთ მარტივი და სწრაფი მომსახურება.
ვიდეო ზარის ფუნქციის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი მომსახურებით: შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის აქტივაცია; ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მითითებული საკონტაქტო ტელეფონის ნომრის ცვლილება და პაროლის აღდგენა; საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია.
ვიდეო ზარით მომსახურების მიღება შესაძლებელია, როგორც საკუთარი სახელით, ასევე მინდობილი პირის მეშვეობითაც, სამუშაო დღეების განმავლობაში – 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ვიდეო ზარის სერვისის გამოყენების შესახებ, ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.
აქვე შეგახსენებთ, რომ სერვისების განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, თვითმომსახურების წახალისების მიზნით, შემოსავლების სამსახურში უკვე 452 ელექტრონული სერვისის მიღება არის შესაძლებელი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
