როგორც ცნობილია, მომავალ წელს სახელმწიფო უფასო სახელმძღვანელოების პროგრამისთვის წიგნების შეძენას გამომცემლებისგან გეგმავს. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გასულ თვეებში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ისაუბრა და იქვე აღნიშნა, რომ მათთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს.
როგორც EDU.ARIS.GE-სთვის გახდა ცნობილი, გამომცემლობებთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, თუმცა, მინისტრი ამბობს, რომ გამომცემლებთან გრიფირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უახლოეს ორ კვირაში დასრულდება.
„ახლა მოლაპარაკებები იმ ეტაპზეა, რომ ვცდილობთ, საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ მთავრობის შიგნით ზუსტად ბიუჯეტირების პროცესთან დაკავშირებით. ჩამოვყალიბდეთ, რამდენის დახარჯვა შეგვიძლია ამ თემაზე მომავალ წელს. ახლა ეს პროცესი ჩიხში შესულინამდვილად არაა, უბრალოდ, არის რთული პროცესი, იმიტომ რომ სხვადასხვანაირად იყო ეს სისტემა და როგორც კი რადიკალურ ცვლილებებს ცდილობ რამეში, რა თქმა უნდა, რთულია. თან გულისხმობს გაძვირებას ჩვენთვის სახელმძღვანელოების და ესეც ადვილად გადასაწყვეტი არაა“,- განუცხადა EDU.ARIS.GE-ს ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მისივე თქმით, გამომცემლებს რამდენიმე დღის წინაც შეხვდა და მათთან ძალიან ჯანსაღი ურთიერთობა აქვს.
„გამომცემლებთან ურთიერთობა იმაზე დაძაბული, ვიდრე ადრე იყო, ვერაფრით იქნება. მევიტყოდი, რომ ახლა პოზიტიური ურთიერთობა გვაქვს“,- განაცხადა მინისტრმა.
ჯეჯელავას თქმით, პროცესი ერთ-ორ კვირაში დასრულდება და ცხადი გახდება, თუ როგორ მოხდება გამომცემლების არჩევა. თავად გამომცემლების ვინაობა კი გაზაფხულზე გაირკვევა.
როგორც ცნობილია, უფასო სახელმძღვანელოებისთვის ბიუჯეტი სამჯერ არის გაზრდილი. ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის კორექტირებული ვარიანტის თანახმად, 2017 წლისთვის მოსწავლეთა სახელმძღვანელოებით უზრუნვლესაყოფად გამოყოფილი სახსრები -16, 9 მლნ ლარია. მაშინ როცა პირველად ვარიანტში 5,5 მლნ იყო. აღნიშნული ზრდის შესახებ დასმულ კითხვას მინისტრმა EDU.ARIS.GE-სთან ასე უპასუხა: „მომავალი წლიდან ახალი სახელმძღვანელოები შედის სკოლაში და ამან გამოიწვია ბიუჯეტის გაზრდა”.
წყარო: edu.aris.ge