საქართველოს სოლიდარობის ფონდმა საქმიანობის რიგით მე-17 პერიოდული ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 2014 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით მობილიზებულ ფინანსურ რესურსებს, სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის დამტკიცებული დაფინანსების შესახებ ნფორმაციას ასახავს.
როგორც სოლიდარობის ფონდის ინფორმაციაშია აღნიშნული, ქვეყნის მასშტაბით საჯარო სექტორში დასაქმებული 60 000-ზე მეტი თანამშრომლისა და 41 კომპანიის დახმარებით, სოლიდარობის ფონდში 8 615 559 ლარია მობილიზებული. უკვე მობილიზებული და სამომავლო პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით ფონდმა სიმსივნით დაავადებული 145 ბავშვისა და ახალგაზრდის სამედიცინო მომსახურება საქართველოში დააფინანსა, ხოლო 193 შემთხვევაში დაფინანსება დამტკიცდა, როგორც საქართველოში, ასევე გერმანიის, ავსტრიის, ესპა ნეთის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, იტალიის და საფრანგეთის კლინიკებში.
„სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან დღემდე, ორი წლის განმავლობაში, საქართველოში უსახსრობის გამო, სიმსივნით დაავადებული არც ერთი ბავშვი და 22 წლამდე ახალგაზრდა არ დაღუპულა. ეს ისტორიული შედეგია, რომლის შენარჩუნებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მიუხედავად ფონდში განხორციელებული მზარდი დონაციებისა, სამწუხაროდ ფონდში მომართვიანობის მაჩვენებელიც საკმაოდ მაღალია, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კიდევ მეტი მხარდამჭერისა და ორგანიზაციის ჩართულობა, რომ უწყვეტად შევძლოთ სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის საჭირო მკურნალობისა და დიაგნოსტიკის სტაბილური დაფინანსება, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ“,- ნათქვამია სოლიდარობის ფონდის ანგარიშში.