თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი შეცდომები უნდა აღიაროს და საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს.
როგორც ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, პარტიის შეცდომებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება.
„რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, რომ ცოცხების კადრები დადგმული იყო და მე მჯერა, რომ ეს კადრები მართლა დადგმული იყო, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით კარანტინში რაც ხდებოდა.
გიორგი ტუღუში მაშინ ტყუილებს წერდა? თუ ტყუილებს წერდა ეს კაცი, მაშინ რატომ გვყავს პარლამენტში ჩვენივე დეპუტატად? ანუ ეს პრობლემა არსებობდა. ჩვენ ამ პრობლემას თვალი უნდა გავუსწოროთ. რა შეგვეშალა უნდა ვთქვათ და საზოგადოებას ვუთხრათ, რომ აი, ბოდიში, შეგვეშალა, მაგრამ აღარ შეგვეშლება იმიტომ, რომ დიდი გამოცდილება გვაქვს.
პოლიტიკური პასუხისმგებლობა არსებობს კოლექტიური. დანაშაულზე სისხლისსამართლებრივად მხოლოდ ერთი ადამიანი შეიძლება იყოს პასუხისმგებელი. რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, მეც კი, რომელიც მხარდამჭერი ვიყავი და არანაირად არ ვიყავი პროცესებში ჩართული, მეც ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველა იმ შეცდომაზე, რაც ამ გუნდმა დაუშვა“,- განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.