მკვლელობა კახეთში და სასიკვდილო ჭრილობებები ცივი იარაღით – ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში, 40 წლამდე მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 25 წლამდე ახალგაზრდას ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, ყელის არეში ჭრილობები მიაყენა.
კაცი, მიღებული დაზიანებებით, ადგილზე გარდაიცვალა. მძიმე დაზიანებები აქვს თავად ბრალდებულსაც, რომელიც წარსულში ნასამართლევია. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
რა შეიძლება გამხდარიყო მკვლელობის მოტივი – როგორც მეზობლებს, ასევე, მოკლულის მამას ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირთ. მოკლული 25 წლის გიგა არჯევნიშვილის მამა ამბობს, რომ მის შვილს რაიმე სახის კონფლიქტი წარსულში სავარაუდო დამნაშავესთან არ ჰქონია. უფრო მეტიც, ისინი შორეული ნათესავები იყვნენ და ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. მომხდარის შესახებ კი მოკლულის მამამ სამართალდამცავებისგან გაიგო.
“დილას დამირეკა გამომძიებელმა. არანაირი დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონდათ. ბიცოლაჩემის ძმისშვილი იყო. არაფერი არ ვიცი. შილდაში მოხდა,” – ამბობს მოკლულის მამა დავით არჯევნიშვილი.
“კურიერის” ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ შილდაში მოხდა, სადაც ერთ-ერთ ოჯახში ახალგაზრდები ქეიფობდნენ და სწორედ მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა.