საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ახალი თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ რეფორმებზე ისაუბრა.
„ჩვენ მივიღეთ მთავარი საკანონმდებლო აქტი, რომელიც არის თავდაცვის კოდექსი და წარმოადგენს კანონთა კრებულს ამ სფეროში. ამ ეტაპზე კოდექსი აერთიანებს ცხრა კანონს, ოთხ კანონქვემდებარე აქტს. ასევე, მოგეხსენებათ, რა რეფორმებია გათვალისწინებული ახალ კოდექსში. მინდა, გამოვყო მათგან რამდენიმე. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე არის თავდაცვის ძალების მართვა და ორგანიზება, სოციალური გარანტიების მიცემა. იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ და უკვე ამ თვის ბოლოს ვასრულებთ ჯარის ქალაქის მშენებლობას და გვინდა, რომ ეს პროცესი ვაქციოთ განრგძობითად, ეს იქნება შეუქცევადი და ჩვენი ოფიცრები იქნებიან უზრუნველყოფილი მომავალში ბინებით“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ამასთან, ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმირებაზე. მინისტრის განმარტებით, აღარ იქნება დატოვებული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების არსებული საშუალებები. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, დარჩება ალტერნატიული სამსახურიც, რომელიც ასევე თავდაცვის ძალებთან იქნება დაკავშირებული.
„კოდექსში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება, ითქვას ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე და სულისკვეთება არის წვევამდელთა ახალი სისტემა, წვევამდელთა რეფორმა, რომელიც შეეხება გაცილებით ფართო პირთა წრეს, იქნება მოქნილი და იქნება არჩევანის დიდი დიაპაზონი. ჩვენ გვყავს პოტენციურად, ყოველ წელიწადს გასაწვევთა გარკვეული რაოდენობა და პარალელურად გვაქვს ჩვენი გეგმა, რომელსაც მივაღწევთ. ეს შეეხება სტუდენტებს, ასევე, აღარ იქნება დატოვებული თავის არიდების ისეთი საშუალებები, როგორიც არის დღეს. ეს არის სიმახინჯე, პირდაპირ შეგვიძლია, ვთქვათ და ჩვენ ამ სიმახინჯეებს ყველაფერს აღმოვფხვრით. გვექნება ალტერნატიული სამსახურის საშუალება. არჩევანად დარჩება ალტერნატიული სამსახური, რომელიც იქნება ასევე თავდაცვის ძალებთან დაკავშირებული. ჩვენ წარვადგენთ კანონპროექტს პარლამენტში და გვექნება ახალი თავდაცვის კოდექსი.
ასევე, თავდაცვის კოდექსის მნიშვნელოვანი პუნქტია მოხალისეობა. მოხალისეობა სრულად იქნება თავდაცვის სამინისტროს მიერ კონტროლირებადი და მოექცევა ჩარჩოებში. ჩვენ აღარ დავტოვებთ ისეთ საფრთხეებს, რაც შეიძლება, წარმოეშვას ქვეყანას და მივიღებთ გაცილებით მასშტაბურ რეზერვს. ჩვენი მდებარეობიდან, ზოგადად რეგიონიდან და პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, გვაქვს კარგად გააზრებული, რომ გვჭირდება დიდი და ძლიერი რეზერვი, ამ მიზანსაც მივაღწევთ“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
რაც შეეხება კითხვას 2017 წელს „გირჩის“ ინიციატივით შექმნილ პროგრამაზე, ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ სამხედრო სამსახურს წელს თავი აარიდა 12 000-მა პირმა, მათ შორის 10 000-მა სწორედ „გირჩის“ მექანიზმის საშუალებით. ჯუანშერ ბურჭულაძის განმარტებით, ეს არ არის არც ლოგიკური, არც კანონიერი და არც სამართლიანი.
„ვერც აქამდე ვურჩევდი ჩვენს მოქალაქეებს და მით უმეტეს, ვერც ახლა ვურჩევ, რომ ამ მექანიზმით, ამ საშუალებით აარიდონ თავი სამხედრო სამსახურს. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულება, ჩვენ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შეეხება ჩვენს ყველა მოქალაქეს. რა თქმა უნდა, დარჩება ისეთი ობიექტური მიზეზები და საერთაშორისოდ აღიარებული მიზეზები, რაც იქნება გათავისუფლების საბაბი. მაგალითად, წელს თავი აარიდა 12 000-მა პირმა, აქედან 10 000-მა ისარგებლა ზუსტად ამ შემთხვევით, ვგულისხმობ „გირჩს“. ეს არ არის არც ლოგიკური, არც კანონიერი და არც სამართლიანი. არ შეიძლება, ასეთი საშუალება დავტოვოთ ქვეყანაში. ეს პირდაპირპროპორციულად აზიანებს ჩვენს უსაფრთხოებას“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.