იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის დარბაზის დატოვების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიციას შეეძლო, მიეღო პასუხები ყველა კითხვაზე, მაგრამ მან სხვა გზა აირჩია.
„სპორტში არსებობს ასეთი წესი: მაგალითად, ფეხბურთში, როდესაც გუნდი არ ცხადდება გაუგებარი მიზეზის გამო, მას ეთვლება ანგარიში 3:0. პოლიტიკაში, რადიკალურმა ოპოზიციამ დღეს წააგო 100:0 და სირცხვილი მათ, თუნდაც, საკუთარი ამომრჩევლების წინაშე“.
ბრეგაძემ ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა:
„ამ ოროსნებს ისიც უნდა შევახსენოთ, რომ ისინი პატივს არ სცემენ საქართველოს კონსტიტუციას და ფუძემდებლურ დებულებებს, მათ შორის – უდანაშაულობის პრეზუმფციას, როდესაც ადამიანებს უწოდებენ მკვლელს, როცა მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია“.
მინისტრმა დეპუტატ ანა წითლიძის რეპლიკასაც გამოეხმაურა და უფლებადამცველებს რეაგირებისაკენ მოუწოდა:
„ბავშვების საკითხს რაც შეეხება, მე თავს უფლებას არ მივცემ, მათი ამორალური სიტყვები გავიმეორო. ერთს ვიტყვი მხოლოდ – ეს განაცხადი აჩვენებს მათ დაუნდობელ დამოკიდებულებას ბავშვების მიმართ. აქვე მინდა, ვთხოვო სახალხო დამცველს და ყველა შესაბამის ორგანიზაციას, გამოეხმაურონ ამ მავნებლურ განცხადებებს შესაბამისი ფორმით“, – განაცხადა მან.