პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას გამოეხმაურა.
საუბარია განცხადებაზე, სადაც კასიანოვი ამბობს: „გაუგებარია, რატომ არის შეუძლებელი, უკრაინას გადმოსცეთ ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები, საველე ჰოსპიტლები, იქნებოდა სასარგებლო „დიდგორი“? რა თქმა უნდა, დაგვეხმარებოდა“.
როგორც გია ვოლსკი ამბობს, ანდრეი კასიანოვი არაადეკვატური განცხადებების მოყვარულია, თუმცა ეს კონკრეტული განცხადება მისი არ არის, არამედ ადამიანთა ჯგუფის პოზიციის გახმოვანებაა.
„მიუხედავად იმისა, რომ ანდრეი კასიანოვი თავად არის რაღაც არაადეკვატური განცხადებების მოყვარული ადამიანი და მისი ქცევა, განცხადებები არაადეკვატურია, ეს განცხადება კასიანოვის არ არის. ეს არის ადამიანთა ჯგუფის განცხადება, მათი პოზიციის გახმოვანება – თურმე საქართველოს თავდაცვითი შეიარაღება არ სჭირდება, თურმე საქართველოს არაფერი სჭირდება, თუნდაც ის მწირი რესურსი, რაც თავდასაცავად აუცილებელია.
თავი დავანებოთ მსოფლიოში შექმნილ გარემოებას და ჩვენს პოზიციას, რომ არ შეიძლება, საქართველო შეიარაღებას ან სამხედრო დანიშნულების საქონელს, პროდუქციას აწვდიდეს უკრაინას, ვინაიდან ეს იქნებოდა ომში ჩართვის ტოლფასი გადაწყვეტილება. საქართველო თავად არის ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანა, რაც იმ ხელისუფლებამ ჩაიდინა და დაუშვა, რომლის მოკავშირეები დიდი რაოდენობით უკრაინის ხელისუფლებაში არიან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ამასთან, გია ვოლსკის თქმით, არ შეიძლება, კასიანოვი, დანილოვი თუ უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები საქართველოსგან მისი ისედაც მწირი რესურსების მიწოდებას ითხოვდნენ.
„არ შეიძლება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და უკრაინაში მათმა მოკავშირე პოლიტიკოსთა ჯგუფმა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს გადასძლიოს. ჩვენი ეროვნული ინტერესია, უკრაინის გვერდით ვედგეთ, მხარი დავუჭიროთ, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ჩვენი პოლიტიკური პოზიცია იყოს უცვლელი და მყარი, ჰუმანიტარული დახმარება იყოს მნიშვნელოვანი, ხელშესახები, მაგრამ არა სამხედრო დანიშნულების საქონელი და სხვადასხვა ნივთი.
საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან საშიშროება არსებობს – დღევანდელ დღემდე მუდმივად არსებობდა და ხვალაც იარსებებს. არ შეიძლება, კასიანოვი, დანილოვი თუ უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები საქართველოსგან მისი ისედაც მწირი რესურსების მიწოდებას ითხოვდნენ.
რატომ ჩათვალა კასიანოვმა, რომ დასავლეთის, მოკავშირე ქვეყნების რესურსი, უკრაინას სამხედრო ჰოსპიტალი მიაწოდოს, უფრო ნაკლებია, ვიდრე საქართველოსი?
რა იცი, საქართველოს ხვალ რა დასჭირდება? ამაზე ღია ლაპარაკი არის პროვოკაციული განცხადება. პროვოკაციულია საუბარი „ბუკების“ მიწოდებიდან დაწყებული, საველე ჰოსპიტალით დასრულებული. როგორ შეიძლება, გარკვეულ მატერიალურ რესურს საქართველოსგან ითხოვდე, როდესაც იცი, რომ შენთან ერთად ჰააგის ტრიბუნალში უჩივლა რუსეთს იმის გამო, რასაც უკრაინაში ჩადის, როდესაც იცი, რომ შენთან ერთად მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან რუსეთის გარიცხვას მოაწერა ხელი, შეუერთდა არაერთ რეზოლუციას და განცხადებას, ელექტროგენერატორებით დაწყებული, ბავშვის ხილფაფებით დამთავრებული, უამრავი პროდუქცია აქვს მოწოდებული. როგორ შეიძლება, მუდმივად საქართველოზე ამბობდე, რომ ის რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებს? რა არის გასაკვირი, თავად ზელენსკიმ საყვედურით მიმართა სწორედ დასავლელ პარტნიორებს, რომ სამხედრო დახმარება არასაკმარისია. ამ ვითარებაში კი ორი ათასი კილომეტრით მოშორებულ, ნაწილობრივ ოკუპირებულ საქართველოს რომ მუდმივად, ყოველდღე უწყობ პროვოკაციას, რათა შიდა დაძაბულობა იყოს შენარჩუნებული, ეს არათუ პარტნიორული საქციელია, მტრული დამოკიდებულებაა საქართველოს, როგორც ქვეყნის და როგორც შენი პოტენციური პარტნიორის, თანამშრომლის მიმართ. რაც კასიანოვმა განაცხადა, ეს არის მტრული დამოკიდებულება თავისი ხალხის მიმართ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.