რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილესთან, მზია გიორგობიანთან, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, სიმონ გულედანთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, გიორგი შონიასთან ერთად, გორის №11 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებსა და პედაგოგებს შეხვდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, გორის №11 საჯარო სკოლისთვის ახალი შენობის მშენებლობის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს (ESIDA) გაუქმების შემდეგ გადაეცა.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა სასკოლო საზოგადოებას მშენებლობის შეფერხების მიზეზები განუმარტა. რევაზ სოხაძის განცხადებით, კონტრაქტორი კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების არც ტემპი და არც ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი, რამაც პროექტის განხორციელებაში პრობლემები შექმნა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ კარგად ესმის მშობლებისა და პედაგოგების უკმაყოფილება და ის სირთულეები, რომლებსაც მშენებლობის გაჭიანურება სასკოლო საზოგადოებას უქმნის. რევაზ სოხაძის თქმით, შექმნილი ვითარებისა და მშენებლობის დასრულების ვადების მიუხედავად, სამინისტრო არ დაუშვებს კომპრომისს ხარისხთან დაკავშირებით. ახალი სკოლის მშენებლობა უნდა განხორციელდეს დადგენილი სტანდარტებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების სრული დაცვით.
მინისტრმა მშობლებისა და პედაგოგების შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ 20 დღეში სასკოლო საზოგადოებას კვლავ ადგილზე შეხვდება, გააცნობს მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას და სკოლის დასრულების დაზუსტებულ ვადას.
