უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ელიზავეტა (ლიზა) იასკომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივლა. იასკო, რომელსაც სააკაშვილთან ქალიშვილი ჰყავს, სასამართლოსგან ბავშვის რჩენისთვის ალიმენტის დაკისრებასა და ყოფილი პრეზიდენტისთვის მშობლის უფლებების ჩამორთმევას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია აქვეყნებს.
პარტია “ხალხის მსახურის“ წარმომადგენელმა სასამართლოს ორი მოთხოვნით მიმართა: ქალიშვილისთვის ალიმენტების დაკისრება და სააკაშვილისთვის მშობლის უფლებების ჩამორთმევა. აღსანიშნავია, რომ ის მიხეილ სააკაშვილთან, რომელთანაც ოფიციალურად დაქორწინებული არ ყოფილა.
ადვოკატ დმიტრო ბუზანოვის თქმით, იასკოს ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილების კარგი შანსი აქვს.
ლიზა იასკოს სასამართლო სარჩელს სოციალურ ქსელ X-ზე მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება
“ლიზა იასკოს სასამართლო სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს საერთო ქალიშვილ ჟასმინს ეხება: მე დიდ პატივს ვცემ ლიზას, რომელიც, როგორც უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, მამაცურად შრომობს თავისი ქვეყნისთვის და ჩვენს მშვენიერ ქალიშვილ ჟასმინს უკიდურესად რთულ პირობებში, მუდმივი დაბომბვების ფონზე ზრდის.
მიუხედავად იმისა, რომ ჟასმინი ჩემი პოლიტიკური პატიმრობის შემდეგ დაიბადა, მე ის ძალიან მიყვარს და გულწრფელად ვზრუნავ მის კეთილდღეობაზე. სამწუხაროდ, ახლა აღარ მაქვს შესაძლებლობა, ვნახო ჩემი ქალიშვილი. ამიტომ დედაჩემი, გიული, რამდენჯერმე ესტუმრა მას კიევსა და ევროპის სხვა ქალაქებში. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის ჟასმინს ყოველთვიურად ფინანსურადაც ეხმარებოდა და ამას დღემდე აგრძელებს.
გარდა ამისა, დედაჩემმა საქართველოში ოჯახის ქონების ნაწილი გაყიდა და 2022 წელს ჟასმინს კიევის ცენტრში ბინა აჩუქა.
რა თქმა უნდა, მე და ჩემი ოჯახი სრულად ვართ პასუხისმგებელნი ჟასმინზე და ყოველთვის ვიზრუნებთ მასზე.
იმედი მაქვს მალე გავთავისუფლდები, რათა პირადად შევძლო ჩემს ქალიშვილთან ყოფნა და მას მშობლის სიყვარული და მზრუნველობა გავუზიარო,“ – წერს სააკაშვილი.
