საფრანგეთში საქართველოს ელჩი გოჩა ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“სახელოვან წინამორბედს მივაგეთ პატივი!
მადლობა ყველას, ვისი შრომითა და დახმარებითაც ეს კარგი საქმე გაკეთდა.
ლევილის მამულში, შატოს დიდ დარბაზში შესასვლელი კარიდან მარცხენა კედელზე ნახავთ ფოტოს, რომელიც 1921 წლის 25 თებერვლის მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ მოვლენას ასახავს. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი აკაკი ჩხენკელი სახელმწიფო პროტოკოლის უფროსთან ერთად პროტოკოლური რიტუალით საფრანგეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარისთვის Alexandre Millerand ალექსანდრე მილრანისთვის რწმუნებათა სიგელების გადასაცემად მიემართება. ფოტო ძლიერი სიმბოლური ემოციის მომგვრელია, რადგან ამავე დღეს, სამშობლოში ბოლშევიკური არმია შემოიჭრა და რამდენიმე თვიანი ღირსეული წინააღმდეგობის მიუხედავად ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია მოახერხა.
საფრანგეთმა საქართველო დე იურედ 1921 წლის 27 იანვარს აღიარა. მანამდეც და მას შემდეგაც, რაც აკაკი ჩხენკელი საფრანგეთში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად დაინიშნა, პარიზიდან ცდილობდა საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარებისთვის, საბჭოთა ოკუპაციის დაგმობისა და ბოლშევიკების საქართველოდან უკან გასვლის მისაღწევად ძალისხმევას არ იშურებდა.
ჩემთვის, როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ყოფილი დესპანის და ახლა უკვე ელჩისთვის, დიდი წინაპრის, წინამორბედის აკაკი ჩხენკელის კვალზე სვლა და მისი საპატიო მემკვიდრეობა უდიდესი პასუხისმგებლობა იყო და არის. იმის გააზრება, რა შრომა და ძალისხმევა დაჭირდა მას და მის გუნდს, რომ საფრანგეთსა და ევროპაში მიეღწიათ იმისთვის, რომ საქართველოს გასაბჭოებიდან კიდევ 13 წელს, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობა 1933 წლამდე გაგრძელებულიყო, მეც ძალას მმატებს და მეტი შემართებით განმაწყობს თითქმის იგივე გამოწვევებთან გასამკლავებლად.
1922 წელს საფრანგეთის მიერ საბჭოთა კავშირის აღიარების აქტში საქართველო სსრკ-ს შემადგენლობაში არ მოიაზრებოდა და საფრანგეთის მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დელეგაციას, დამოუკიდებელი საქართველოს წარმომადგენლებს დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით იწვევდნენ და თანამშრომლობდნენ.
ჩემთვის დიდი პატივი იყო მოკრძალებით შევხებოდი იმ დიპლომატიური მიმოწერის ნიმუშებს, რომლებიც საფრანგეთის დიპლომატიურ არქივშია დაცული.
ძალიან ვამაყობდი ასევე 90-ან წლებში პარიზის საერთაშორისო დიპლომატიურ აკადემიაში სწავლის დროს, როცა აღმოვაჩინე, რომ 1927 წელს აღნიშნული დიპლომატიური აკადემიის დამაარსებელთა შორის იყო ევგენი გეგეჭკორისა და აკაკი ჩხენკელის ხელმოწერები, მათი ხელმოწერით დამოუკიდებელი საქართველო ამ სასწავლებლის დამაარსებელ ქვეყანათა შორის იყო.
აკაკი ჩხენკელი იმ ქართველ პოლიტიკოსთა შორისაა, რომლის მემკვიდრეობას უკეთ უნდა იცნობდეს საქართველოს ახალგაზრდობა.”- წერს გოჩა ჯავახიშვილი.