პატიმარმა სააკაშვილმა კანონიერი სასჯელის თავიდან ასარიდებლად შეუთვალა უკრაინელებს, რომ მისი გული მათ ეკუთვნის, როგორც ჩანს, ამან იმოქმედა ზელენსკიზეც და გულის სანაცვლოდ იცავს კრიმინალს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანის თქმით, სააკაშვილმა უნდა შეცვალოს ქცევა და შეეგუოს სასჯელს.
„რასაკვირველია, ჩვენ მოვუწოდებთ მას, პირადად მეც, რომ შეწყვიტოს საკუთარი თავის დაზიანება. პატიმარი არ ეგუება სასჯელს, რომელიც აქვს მისჯილი კანონიერად და ირჩევს, ყველაფერი გააკეთოს, რათა აირიდოს სასჯელი. მაგალითისთვის, შეუთვალოს უკრაინელებს, რომ ჩემი გული თქვენ გეკუთვნით და იმედი აქვს, რომ უკრაინელები ამის გამო დაიცავენ. როგორც ჩანს, ამან ზოგიერთზე იმოქმედა, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკიზე და ის სააკაშვილის გულის სანაცვლოდ გამოვიდა და იცავს კრიმინალს.
ამიტომ ჩვენ პირველ რიგში, ვინც ვართ ამ ქვეყნის შიგნით და გარედან არ ვუყურებდით უბედურებებს, რაც ამ ადამიანმა დაატრიალა ქვეყნაში, უნდა გავიხსენოთ, რისთვის არის სასჯელმისჯილი პატიმარი – არაერთი დანაშაულისთვის, რომლებიც მძიმე დანაშაულებია. შესაბამისად, საჭიროებს სასჯელის მოხდას. პატიმარმა უნდა შეცვალოს ქცევა, გამოიყენოს დახმარება, მათ შორის ფსიქოლოგის, თუ საჭიროა ფსიქიატრისაც და შეეგუოს სასჯელს. კანონში ასე წერია, რომ დააშავებ, შემდეგ მოგისჯიან და სასჯელი არის მოსახდელი. ეს მარტივი ანა-ბანაა, რომელსაც უნივერსიტეტების პირველ ფაკულტეტებზე ასწავლიან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, გუშინ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას სააკაშვილმა სასამართლოს ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმართა: თუ ვერ ვიცოცხლებ უკრაინის გამარჯვებამდე, რომელიც ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში.
მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოები და აღნიშნა: „ნახეთ, როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილი, ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება მას კლავს“.