„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ პარტიის თავმჯდომარის არჩევნების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავს დამარცხებულად არ გრძნობს და ბრძოლას კვლავ აგრძელებს.
მისივე თქმით, სიმართლე პოპულიზმსა და ცილისწამებაზე აუცილებლად გაიმარჯვებს.
„თავს დამარცხებულად არ ვგრძნობ, ღირებულებითი ბრძოლა არ დასრულებულა. ჩემთვის თავმჯდომარეობა პოლიტიკური აქტივობისთვის არ არის მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ნამდვილად გვქონდა ღირებულებითი არჩევნები და ბრძოლა და ეს ბრძოლა არათუ არ დასრულებულა, არამედ 30 იანვრის შემდეგ სხვა მასშტაბი შეიძინა და ის სიმართლე, რწმენა და ღირებულებები ადრე თუ გვიან აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან შეუძლებელია, რომ მაღალმა და მართალმა ღირებულებებმა პოპულიზმზე, ტყუილსა და ცილისწამებაზე გამარჯვება არ მოიპოვოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე იზეიმებს.
პირადად ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის საგანგაშოს ვერაფერს ვერ ვხედავ. მე კლასიკური გაგების საარჩევნო კამპანია არ ჩამიტარებია, გადავწყვიტე მესაუბრა იმ საფრთხეების შესახებ რის წინაშეც პარტია იდგა, არანაირი დაპირება ჩვენ არ გაგვიცია. ამ არჩევნებში საკითხების სწრაფად გადაწყვეტის სურვილმა იმარჯვა და ამომრჩეველმა ასე გააკეთა არჩევანი. პირველ რიგში, პარტია არის ღირებულებათა სისტემა, სწრაფვა გამარჯვებისკენ, მიზნისკენ. მე ვცდილობ, არ ვიყო კრიტიკული, რადგან მირჩევნია, საზოგადოების უდიდესი ნაწილი თავად დარწმუნდეს, რამდენად სწორია ის პოზიცია, რომელსაც მე ვახმოვანებ“, – განაცხადა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.