გაეროს რეზოლუცია ერთ-ერთია იმ 500-ამდე დოკუმენტს შორის რომელსაც საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად ბოლო 1 წლის განმავლობაში შეუერთდა – მმართველ გუნდში საერთაშორისო და ჰუმანიტარულ დახმარებაზე ამახვილებენ ყურადღება. ითქვა რომ საქართველო ერთ-ერთი დამფინანსებელი იყო ჰააგაში, რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის დროსაც.
“ოკუპაცია საქართველომ იცის ყველაზე კარგად და დღეს ეს ასევე უკრაინაში ხდება. ცხადია ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინის ხალხთან არის უწყვეტი და მნიშვნელოვანი. ის რომ 500-მდე საერთაშორისო რეზოლუციას და განცხადებას, ჩვენი მხარე შეუერთდა, არის თანასპონსორი და ინიციატორი, ეს არის უმნიშვნელოვანესი. ასე რომ ჩვენი ქვეყანა, როგორც საგარეო ფრონტზე, ასევე, აქ შემოსული უკრაინელი მოქალაქეებისათვის და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი და ეს ბუნებრივიც არის, ვინაიდან ოკუპაცია არის ის ტკივილი, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს,” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინიდან. სესიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. დოკუმენტს მხარი 141-მა ქვეყანამ დაუჭირა, 32-მა თავი შეიკავა, წინააღმდეგი იყო რუსეთი და მისი მოკავშირე ბელარუსი. ასევე ისეთი ქვეყნები როგორიცაა სირია, ჩრდილოეთ კორეა, ერიტრეა, ნიკარაგუა და მალი. რეზოლუციის პროექტი 75 წევრი სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოს მიერ იყო დასპონსორებული და მოიცავს მოწოდებას უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისკენ.