ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ფარგლებში, ერაყის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის დელეგაცია ესტუმრა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ერაყის რესპუბლიკას შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს გაფორმების ეკონომიკური ზონა და „ერთი სარკმლის“ პრინციპით, ტვირთების გაფორმებისას, მომხმარებლისთვის საჭირო ელექტრონული მომსახურების მიღების პროცესს დაესწრნენ.
ერაყის სახელმწიფო საბაჟო ადმინისტრაციის წევრებმა, ასევე მოინახულეს საბაჟო გამშვები პუნქტები: „თბილისის აეროპორტი“ და „სარფი“, ესტუმრნენ ბათუმისა და ფოთის პორტებს, სადაც ადგილზე გაეცნენ საბაჟო კონტროლის პროცედურებს.