სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა დაცულია და კეთდება ყველაფერი, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მსჯავრდადებულ ექსპრეზიდენტს უარი ეთქვა ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.
„ის ავანტიურა, რომელიც ჰქონდათ წამოწყებული მას, მის ოჯახის წევრებს და მის პარტიის წევრებს, იმისთვის, რომ მისი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლება მომხდარიყო, არ არის სწორი, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს გადაწყვეტილებაც იქნება მათთვის ნიშანი, რომ შეწყვიტონ ეს ძალიან მავნებლური ქმედება, მაგრამ, მინდა მოვუწოდო მათ, რომ ანგარიში გაუწიონ თავიანთ ოჯახის წევრის, თუ კოლეგის მდგომარეობას და ნუღარ წაახალისებენ სააკაშვილის განზრახ დაწყებულ შიმშილს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.