ეს არის ქართული მართლმსაჯულების დიდი გამარჯვება. ამ ვერდიქტით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართულ პენიტენციურ სისტემაში არავის არ ჩაგრავენ, არავის არ დევნიან, მითუმეტეს არ ჩაგრავენ და არ დევნიან პოლიტიკური მოტივების გამოყენებით, რაზეც აპელირებდა მთელი ამ თვეების განმავლობაში პატიმარი სააკაშვილი და რაზეც აპელირებდნენ და ჩიოდნენ მისი გულშემატკივრები. – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.
„ამით ყველა ინსინუაციას წერტილი დაესვა . ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ რაც არ უნდა დახარჯო მილიონები შავ პიარში, რაც არ უნდა დახარჯო მილიონები იმისთვის, რომ თავს ლაფი დაახსა შენ ქვეყანას, შენი ქვეყნის მართლმსაჯულებას, შენი ქვეყნის კანონსა და კონსტიტუციას, არაფერი არ გამოგივა ამ საქმიდან“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.