დღეს საქართველოში არის ის მმართველობა, როდესაც ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევა არის გამორიცხული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას.
„მილიონები ხარჯეს ამ ფეიკ აღქმის შესაქმნელად და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს დასაზიანებლად, დაწყებული იქიდან, რომ ამბობდნენ – მოწამლეს, აწამებენ, სათანადო მკურნალობას არ უნიშნავენო. ეს იყო ფეიკი, ტყუილი და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც პარალელურად მიზანს ისახავდა, რომ სააკაშვილს პატიმრობისგან თავი აერიდებინა“, – აცხადებს ქადაგიშვილი.
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.