ჩემს პარტიას რა აქვს გასარიგებელი რომან გოცირიძესთან ან ხატია დეკანოიძესთან, ან კიდევ ვინმე სხვასთან?!, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის საკანონმდებლო წინადადებაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვინ უნდა იყოს გარიგებული, რა რომან გოცირიძე?! არ ვიცი, გამრუდებული აზროვნების შედეგად, თუ ვინმეს რაღაც კლიშეს მიაწებებენ. პირადად მე, ან ჩემს პარტიას რა აქვს გასარიგებელი რომან გოცირიძესთან ან ხატია დეკანოიძესთან, ან კიდევ ვინმე სხვასთან?! უამრავჯერ დააყენეს ეს საკითხი. ამ ადამიანებმა სრულიად ნათლად და ცხადად დააფიქსირეს პოზიცია, რომ ემიჯნებოდნენ თუ გადიოდნენ „ნაციონალური მოძრაობიდან“. პარტიიდან რომ გავიდნენ, ესეც ჩვენთან შეთანხმებით მოხდა, თუ როგორ არის?!“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
ფრაქციის დაშლის შიშით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილი თანაგუნდელების ინიციატივას მხარს არ უჭერს. საუბარია ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის საკანონმდებლო წინადადებაზე. უფრაქციო დეპუტატმა რეგლამენტში ცვლილებების პროექტი მოამზადეს, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ორ დეპუტატს აქვს. საკითხზე დავა ოპოზიციაში უკვე მეორე კვირაა მიმდინარეობს.