სააკაშვილისა სახელის ხშირად ხსენება არის ერთადერთი გამოსავალი, როგორმე იმ ჭაობიდან ამოვიდეს, სადაც „ნაცმოძრაობა“ დღეს იმყოფება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს ლევან ხაბეიშვილის მიერ ოპოზიციისთვის გაკეთებულ შეთავაზებაზე საუბრისა განუცხადა.
ვოლსკის თქმით, ეს არის აგრესიული დაჯგუფება რევოლუციური სცენარით.
„ლევან ხაბეიშვილის განცხადებების კომენტირება სულ უფრო და უფრო რთული ხდება. მშრალი ფაქტი ის არის, რომ სურს გარშემო კოალიცია შეინარჩუნონ. ამისთვის
მიხეილ სააკაშვილის სახელი არის ერთი ხავსი, რომელსაც შეიძლება ჩამოეკიდოს. დანარჩენი რესურსი, რაიმე ინტელექტუალური რესურსი, პროგრამა ან გიგანტური აზრებით თავი მოაწონოს სხვა პოლიტიკურ, ასევე რადიკალურ ფრთაზე მყოფ ძალებს, არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, მისი განცხადებები, სააკაშვილის სახელის ხშირად ხსენება არის ერთადერთი გამოსავალი, როგორმე იმ ჭაობიდან ამოვიდეს, სადაც „ნაცმოძრაობა“ დღეს იმყოფება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.
„ეს გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. ენის მოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, რომ ხვალ-ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.