საქართველოს პარლამენტმა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების გაზრდასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 75-მა დეპუტატმა. ცვლილებების პაკეტი განსახილველად ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარადგინა.
თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილების მთავარი მიზანი პაციენტის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. მისივე თქმით, კონტროლის ეფექტური მექანიზმის შექმნით, სამედიცინო მომსახურების ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდება, ძლიერი მარეგულირებელი ორგანო და საკანონმდებლო ბაზა კი ერთგვარი პრევენციის მექანიზმი იქნება.
„ჯანდაცვის სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს აქვს ვალდებულებები, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასთან მიმართებით. რეგულირების სააგენტო იმისთვის ფუნქციონირებს, რომ გადააზღვიოს პაციენტთან დაკავშირებული რისკები და შექმნას უსაფრთხოების პირობები. ეს არის ფუნდამენტი, მთავარი მოტივაცია რეგულირების სააგენტოს საქმიანობისა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რეგულირების სააგენტოს პაციენტის საჩივარზე დაუყოვნებელი რეაგირების შესაძლებლობა ექნება. მათივე ცნობით, დღეს მარეგულირებელს პაციენტისადმი გაწეული ხარისხის შესწავლის შესაძლებლობა მხოლოდ სასამართლოს შუამდგომლობის საფუძველზე შეუძლია, რა დროსაცშეტყობინებას სამედიცინო დაწესებულებაც იღებს. შესაბამისად იქმნება, დოკუმენტაციის მოწესრიგების ან შეცვლის რისკი, რაც ართულებს რეალური სურათის აღდგენას. ცვლილების შედეგად, პაციენტისადმი გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლა უფრო ეფექტურად და ნაკლებ დროში მოხდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კანონში ჩნდება სამედიცინო დაწესებულებებისთვის ლიცენზიის დროებით შეჩერების მექანიზმი, რასაც სასამართლო დაჩქარებული წესით, 48 საათში განიხილავს. დღეს, რეგულირების სააგენტოს არ აქვს ბერკეტი, კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ასევე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დროებით შეუჩეროს კლინიკას ლიცენზია. ახალი კანონპროექტით, იზრდება საჯარიმო სანქციებიც. ჯანდაცვის უწყების განმარტებით, არსებული სანქციები იმდენად დაბალია, რომ პრევენციის ფუნქციას კარგავს.