მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ საფრანგეთის ქუჩებში ათიათასობით ადამიანია გამოსული, რამდენიმე ქალაქში ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი წაუკიდეს სხვადასხვა შენობას, პოლიციამ კი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ამ ფონზე საფრანგეთის ულტრამემარცხენე პარტიის, „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერმა, ჟან-ლუკ მელანშონმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების უმეტესობა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მისი პარტია სტუდენტურ მოძრაობას მხარს უჭერს.
„მაშინ, როდესაც ტელეარხები ათობით ქალაქში ძალადობის კადრებს აჩვენებენ, ათიათასობით ადამიანი მშვიდად არის მობილიზებული და აქციები მშვიდობიანად მიმდინარეობს. ორი სამყარო, ორი რეალობა“, – წერს მელანშონი სოციალურ ქსელში.
პარტიის ლიდერმა პარიზში მომხდარ ძალადობასა და არეულობაში პოლიციის პრეფექტი დაადანაშაულა. მისი მტკიცებით, სამართალდამცველები რესპუბლიკის მოედანზე მისასვლელებს გამუდმებით კეტავდნენ და ცრემლსადენ გაზს იყენებდნენ.
„როგორც ჩანს, ,,საზოგადოებრივი წესრიგის“ სტრატეგიის მიზანი დაპირისპირებაა. სამარცხვინოა“, – განაცხადა მელანშონმა.
