სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან არც არსად წასულა, უკრაინაში ყოფნის დროსაც ქართულ პოლიტიკაში იმყოფებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში შემოპარვის მიზანიც, ქართულ პოლიტიკაში დიდი დესტრუქცია შემოეტანა იყო.
„შემდეგ მილიონი დახარჯა იმაში, რომ საქართველო მაქსიმალურად უარყოფითო სახით წარმოეჩინა. მთელი მსოფლიოს თვალწინ იძახდა, რომ მომწამლეს, აწამეს, კლავდნენ, არ მკურნალობდნენ. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ ამ დიდ შეთქმულებას წერტილი დაუსვა. ახლა სერიალის ახალ სეზონს გვიანონსებენ, რომ დავბრუნდი ქართულ პოლიტიკაში. ყოველთვის აქ იყო, ყოველთვის ეს დესტრუქციული დღის წესრიგი ჰქონდა. სიახლე ამ კუთხით არაფერი არ არის, აქედან გამომდინარე განსაკუთრებული ყურადღების მისაქცევიც არ არის. ფორმალურად და იურიდიულად მას არ ექნება საშუალება ქართულ პოლიტიკაში ან კენჭი იყაროს, ან ხმის მიმცემი იყოს, ან თანამდებობაზე დაინიშნოს, ჰიპოტეტურად ვამბობ, სამართლებრივი კუთხით. რეალურად მისი გავლენა საქართველოს მაქსიმალურად უარყოფითო კუთხით წარმოჩენაში ყოველთვის იყო გამოკვეთილი. საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.