სასწრაფოდ და უპირობოდ ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება. ამ პირობებში როცა პუტინის ბოროტების იმპერია ფაქტობრივად ჩამოშლილია და მიმდინარეობს მისი რღვევა უმნიშვნელოვანესია პუტინის პირადი პატიმარი მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი და მეტიც, საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის მას უნდა სთხოვოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ დაეხმაროს უკრაინაში, რათა მშვიდობიანად მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის შეიარაღებული ძალები „ვაგნერის“ ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. პრიგოჟინის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოატყუა „ვაგნერის“ დაჯგუფება და პირობა დადო, რომ უპასუხებს ამ სისასტიკეს. ის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის გადაყენებას ითხოვს.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში უარყვეს პრიგოჟინის განცხადება და აღნიშნეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს საინფორმაციო პროვოკაციას. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა „ვაგნერის“ დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ამბოხისკენ მოწოდების მუხლით. ვლადიმირ პუტინმა პრიგოჟინის ქმედებებს ღალატი უწოდა და ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზების ბრძანება გასცა.