ორი დღის წინ ვნახეთ, რომ მ საზოგადოებაში იყო დაბნეულობის შემოტანის, პანიკის შექმნის მცდელობა, საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ტაქტიკები იქნა გამოყენებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოება ყველაფერს ხედავს და სწორ ანალიზს აკეთებს.
„არ მგონია, ემოციების ბრალი იყო ის, რაც ორი დღის წინ ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილის წარმომადგენლების მხრიდან ვიხილეთ. ვფიქრობ, ეს აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ტაქტიკების გამოყენებასთან. გადაშალეთ ნებისმიერი სახელმძღვანელო, როგორ გამოიყენება ჰიბრიდული ომის ტაქტიკები და ნახავთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ზუსტად იგივე ტაქტიკით მოქმედებს ოპოზიცია და რამდენიმე „ენჯეო“. ვნახეთ, რომ საზოგადოებაში ხდებოდა კონსპირაციების ჩამოყალიბება, თითქოს რაღაც კავშირები არსებობდა, დაბნეულობის შემოტანის, პანიკის შექმნის მცდელობა, თითქოს ჩვენს საზღვარზე მოაწყდნენ. ამაში ჩართული იყვნენ, მათ შორის ზოგიერთი უცხოური მედიასაშუალების ქართული რედაქციის წარმომადგენლები. „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის წარმომადგენლები პირდაპირ „ტვიტერის“ მეშვეობით ავრცელებდნენ ყალბ ინფორმაციას, თითქოს ლარსის სასაზღვრო პუნქტს რუსეთის მოქალაქეები მოაწყდნენ. ეს აბსოლუტური დეზინფორმაცია იყო. შემდეგ ამას მოჰყვა სოციალურ ქსელში რამდენიმე აქტივისტის მიერ ილუზიის შექმნა, რაღაც სახალხო აღშფოთებაზე ჰქონდა საუბარი და აქციების დაანონსებაზე. საქართველოს წინააღმდეგ ჩვეულებრივი ჰიბრიდული ომის ტაქტიკები იქნა გამოყენებული.
ქართველმა ხალხმა დიდი ხანია, გაშიფრა, რომ ეს არის ერთად შეკრული კასტა ოპოზიციის, რამდენიმე „ენჯეოსი“, რომელიც ზუსტად ამ ტაქტიკით მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ. ამისი პასუხი იყო დაანონსებულ აქციაზე მისული ათი ადამიანი. სინამდვილეში, არის ვირტუალური რეალობა, რომელიც ჰიბრიდული ომისთვისაა დამახასიათებელი და ამ ტაქტიკით მოქმედებს ოპოზიცია და რამდენიმე „ენჯეო“. ეს ხომ პირველი შემთხვევა არ იყო, ბოლო წელიწად-ნახევარში რამდენი შემთხვევა იყო, ერთი და იგივე მატრიცით მიდის ყველაფერი. ხდება კონსპირაციების შემოგდება დაბნეულობის შემოსატანად, შემდეგ პანიკის აწევის მიზნით სოციალურ ქსელში ორგანიზებული აქტივობა. ასეთი დამოკიდებულება ყოველ ჯერზე იფუშება, ვინაიდან ქართველმა ხალხმა ეს გაშიფრა.
ამ ყველაფერს ასევე აქვს მეორე განზომილება, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ. ეს ხალხი მართავდა ქვეყანას 2012 წლამდე. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ მართავდნენ ამ ქვეყანას. ოპოზიცია და „ენჯეოს“ წარმომადგენლები, როგორც გახსოვთ, მთავრობაში საკუთარ მონაწილეობას ითხოვდნენ. ეს ხალხი რომ ყოფილიყო იმ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში, ხომ წარმოგიდგენიათ, რა უბედურება შეიძლება, დატრიალებულიყო ქვეყანაში. საქართველოს ნამდვილად გაუმართლა, რომ დღეს ხელისუფლებაში არის „ქართული ოცნება“, რომელსაც აქვს მოთმინების მიდგომა, ხდება ანალიზი და არა ემოციებზე აყოლა. ეს არის მნიშვნელოვანი. ამიტომაც ირჩევს ქართველი ხალხი „ქართულ ოცნებას“ და ამიტომაც ეუბნება ყოველ ჯერზე უარს ოპოზიციას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.