აქ ძალიან ადვილად შეიძლება გაგიჟდე, სადაც ადამიანი ფეხებზე ჰკიდიათ!
#ლიბერთი ბანკი, შენა ხარ მაზოხისტების ბანკი და ჩემი თქვენთან ნებისმიერი შეხება ნერვების წყვეტით მთავრდება, – ამის შესახებ ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს.
#ლიბერთი უნდა ჩამოშორდეს პენსიონერებს!
ვეცდები ძალიან მოკლედ გითხრათ- ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დედაჩემის პენსია რომ ავიღე, მონიტორმა მაუწყა, რომ ბარათის პინკოდს ვადა გასდიოდა. სახლში დაბრუნებულმა 4 დღე ვრეკე “ლიბერთი” ბანკის ცხელ ხაზზე -2 55 55 00 , ავტომოპასუხე მაფრთხილებდა, რომ მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ჩემი საუბარი იწერებოდა თუმცა იქვე მოაყოლებდა, რომ დალოდების დროა 30 წუთი, ან უკეთეს შემთხვევაში 20 წუთი. კარგი დაველოდე, მაგრამ როგორც კი მოახლოვდებოდა ჩემი ზარის ჯერი, ტელეფონი ითიშებოდა, მივწერე ბანკს ფეისბუქ.გვერდზე, არც იქ გამოჩენილა ვინმე პატრონმყვარებელი, დამაწყდა ეს ნერვი-ძარღვი და რაღას ვიზამდი- სამშაბათ დილით ავისხი აბჯარი და მივაკითხე ბანკს იქ, სადაც ადრე დავდიოდი, ბანკი ამ მისამართზე დაუხურავთ ( უფრო ადრე რობაქიძის გამზირზე მდებარე ფილიალი დახურეს) , წავედი მაიაკოვსკის ძეგლის გვერდით ლიბერთის პატარა ტერმინალია, იქ რიგში მეთორმეტე ვიყავი, იდგნენ ხელჯოხიანები, მოხრილ-ძვლებდაკორძილები და თავს ძლივს იმაგრებდნენ იძულებითი ლოდინით გულგაწვრილებულები, ეს ტერმინალი 2 ოპერატორზეა განკუთვნილი, მაგრამ კარგა ხანია მხოლოდ ერთი ემსახურება პენსიონერებს, პენსიების ბანკის სიახლოვეს კი ერთი სკამიც არა დგას, რომ ჩამოჯდეს ადამიანი მუხლმა ან გულმა რომ უმტყუნოს ზაფხულის ხვატში ან ზამთრის სიცივეში… ხოდა, რიგში სამართლიანად საყვედურობენ ამ ბანკის მესვეურებს – ლანძღავენ წყევლიან, მაგრამ არაფერი იცვლება. ბანკს ტენდერში ჰყავს მოგებული ეს პენსიონერები და კიდე მრავალი წელი აპირებენ ამ რეჟიმში ყოფნას. რიგში დრო ნელა გადის, თან ფიქრობ , დედა საწოლიდან არ გადმოვარდეს, უსინათლო მამა არ წაიქცეს, ნეტა, ლამარა რატომ არ მირეკავს… ამასობაში ჩემი რიგიც მოდის და ოპერატორი გოგონა მეუბნება, რომ რაც მე მჭირდება იმ ოპერაციას ვერ შეასრულებს და სადღაც ზევით, პროსპექტის ბოლოში უნდა წავიდე განცხადების დასაწერად… წავედი. ოპერატორმა გოგონამ დაზეპირებული ღიმილით შემომცინა, რომელიც მაშინვე წაეშალა სახიდან , როცა ჩემი საყვედურები დავიწყე, განცხადება დავწერე და გამაფრთხილეს, რომ დედაჩემის პენსიას დადგენილ 7 რიცხვში ვერ მიიღებ, რადგან გამსვლელი ოპერატორი თოთხმეტი რიცხვის შემდეგ დაიარება მისამართებზე, – აქ გამიგრძელეთ პინკოდის ვადა თქო, ვთხოვე და არაააო, სხვის ბარათზე ვერ ვაგრძელებთ, ასე, რომ დაელოდეთ თოთხმეტი რიცხვის შემდეგ მოგაკითხავენო! თუ გნებავთ მინდობილობა გააკეთეტ თქვენზე, რაც 70 ლარი დაგიჯდებათ და მერე შეგიცვლით პინკოდსო… რაც მოვყევი, ყველაფერს ნერვიულობა, ემოცია, ენერგია ხომ სჭირდება და გაჩერებაზე რომ მოხვალ კიდე და ავტობუსის მოსვლის დროც წაშლილი დაგხვდება, ხოდა, წავედი და ერთი ფირფიტა ციტომაქსიც ვიყიდე, კიი, აქ ძალიან ადვილად შეიძლება გაგიჟდე, სადაც ადამიანი ფეხებზე ჰკიდიათ!
#ლიბერთი ბანკი, შენა ხარ მაზოხისტების ბანკი და ჩემი თქვენთან ნებისმიერი შეხება ნერვების წყვეტით მთავრდება, ხოდა, თქვენი პენსიონერებთან ურთიერთობაც უნდა დასრულდეს და მოგვეცეს საშუალება სხვა ბანკის მომსახურებით ვისარგებლოთ”, – წერს ნინო კვაჭანტირაძე.