საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წევრმა, გიორგი გვიმრაძემ არხის მენეჯმენტსა და სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემების ნაწილის დახურვისა და ნაწილის სამაუწყებლო ბადეში დატოვების სავარაუდო გეგმა წარუდგინა.
გიორგი გვიმრაძის გეგმის მიხედვით, სამაუწყებლო ბადეში რჩება ე.წ. მწვანე ზოლში არსებული გადაცემები, რომლებიც იზიდავს მაყურებელს და რეიტინგი მაღალია. მათ შორისაა გადაცემები: “გამომძიებელი რეპორტიორი”, “გურმანი”, “ფერმა”, “ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ”, “შაბათს საღამოს ლიზასთან”, “წიგნების თარო”, “ტელებლოგი”, “პირადი ექიმი”, “სიტყვების თამაში”, “გააგრძელე საქართველოს ისტორია”. ასევე, სამაუწყებლო ბადეში რჩება გადაცემები, “დოკუმენტური ფილმების სტუდია”, “ეპოქა”, “დღე მუზეუმში”, “რადიო თავისუფლება – ინტერview”.
გიორგი გვიმრაძის გეგმის მიხედვით, სამაუწყებლო ბადიდან ამოღებული უნდა იქნეს გადაცემები, რომლებიც დაბალი რეიტინგისაა და “მაყურებლის მიგრაციას” იწვევს, მათ შორისაა გადაცემები: “ხანმოკლე XX საუკუნე”, “ეკონომეტრი”, “ვაშინგტონი დღეს”, “სპორტი 360 გრადუსი”, მთავარი”, “რეალური სივრცე”, “ვექტორი”, “სპორტის დაფა”, “რადიო თავისუფლება – წითელი ზონა”, “ტელემანი”, “კაცების დრო”, “ც სტუდია”, “უცნობი მუსიკა”.
ამასთან, არხის მენეჯმენტი აცხადებს, რომ ეს არ არის საბოლოო ვარიანტი და საკითხზე მუშაობას ისინი აგრძელებენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ საკითხის დეტალურად გაცნობისთვის დრო ითხოვა, რის გამოც აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა შემდეგ სხდომაზე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ სამეურვეო საბჭომ არხის ხელმძღვანელობას შეფასების 4 კრიტერიუმი შესთავაზა. ბორდის წევრების მიერ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით, არხის განვითარების გეგმა უნდა შეიცვალოს.
რაც ეხება საბოლოო დოკუმენტს, სამეურვეო საბჭო გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, რაც სამოქალაქო სექტორი და მედიის მიმართულებით დაინტერესებული ჯგუფები თავიანთ მოსაზრებებს წარმოადგენენ.
რომელი გადაცემები უნდა დაიხუროს და რომელი არა საზოგადოებრივ მაუწყებელზე?
2017/02/17 14:20:24
კომენტარები
ნანახია: 1497 ჯერ