“ვთხოვეთ ადვოკატებს, გადასცენ მამა გიორგის, რომ მისცეს ჩვენება და დაასახელოს ის შედეგი, რომელიც შეიძლება დადგეს ასეთი ინფორმაციის გაცემის შემდეგ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებული დეკანოზის ადვოკატებისა და სინოდის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, პატრიარქის პრესმდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.
მიქაელ ბოტკოველის თქმით, სინოდის მღვდელმთავრებმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებისგან მოისმინეს ინფორმაცია იმის შესახებ, რის თქმასაც აპირებდა მამა გიორგი სასულიერო პირებისთვის.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ ქართულ საზოგადოებას, რომ მზად ვართ, მოვისმინოთ სიმართლე და მხოლოდ სიმართლე ამ საკითხებთან დაკავშირებით. ასე რომ, ჩვენ ველოდებით დღეს, როცა, სავარაუდოდ, როგორც ადვოკატები ბრძანებენ, მამა გიორგი მისცემს ჩვენებას ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ნამდვილად გულისყურით ველოდებით და მთელი ათი დღე ვართ ამ მოლოდინის რეჟიმში, რომ ბოლოს და ბოლოს, გავიგოთ სიმართლე, რისი თქმა უნდა მამა გიორგის, რატომ იკავებს ამდენი ხანი თავს და რასთან დაკავშირებით არის ეს დუმილი მისი მხრიდან”, – განაცხადა პატრიარქის პრესმდივანმა.
მიქაელ ბოტკოველი: ადვოკატებს ვთხოვეთ, გადასცენ მამა გიორგის, რომ მისცეს ჩვენება
2017/02/23 18:13:32
ნანახია: 1785 ჯერ