რუსეთის მიერ კიევზე ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებულ თავდასხმას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
იერიშის შედეგად დაზიანდა უნივერსიტეტის კამპუსი, საცხოვრებელი შენობები, სამედიცინო დაწესებულებები და მდინარე დნეპრზე მდებარე სამხრეთის ხიდი. დაშავებულებს შორის არიან სასწრაფო დახმარების თანამშრომლები და სტუდენტები.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დაშავებულთა უმრავლესობა უნივერსიტეტის სტუდენტია. ცხრა ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის არიან სასწრაფო დახმარების ექიმი, სამედიცინო ტექნიკოსი და 20 წლის სტუდენტი.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა რაკეტებმა უნივერსიტეტის ტერიტორია, დედაქალაქის ცნობილი კიოტოს პარკის მიმდებარე სივრცე და საცხოვრებელი შენობები დააზიანა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, იმ რაიონში, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, სამსართულიანი კომერციული შენობა ნაწილობრივ დაინგრა. დაზიანდა სკოლის შენობაც.
კლიჩკოს ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმის შედეგად პოდოლსკის რაიონში ადმინისტრაციული შენობა დაზიანდა. იერიშის სამიზნე გახდა არასაცხოვრებელი შენობებიც. დაზიანდა დნეპრზე მდებარე სამხრეთის ხიდი და მასთან დაკავშირებული მეტროს ინფრასტრუქტურა. ხიდი კიევის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებს აკავშირებს და ქალაქის სატრანსპორტო ქსელისთვის მნიშვნელოვანი მონაკვეთია.
