საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის შეწყვეტასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროგრამა გრძელდება უწყვეტად, დაავადების სრულ აღმოფხვრამდე.
„მედიკამენტის მწარმოებელ კომპანია „გილეადსა“ და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობა გრძელდება. მხარეებს შორის გაფორმებული 10-წლიანი ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, დამატებითი კრიტერიუმის გარეშე შეუძლია ისარგებლოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით და უახლესი თაობის მედიკამენტები უსასყიდლოდ მიიღოს.
დღემდე, პროგრამაში 32 000-მდე პაციენტი ჩაერთო. შემთხვევების 90%-ში კი მკურნალობა წარმატებით დასრულდა. ამავდროულად, აქტიურად მიმდინარეობს სკრინინგული ღონისძიებები. საქართველოს მასშტაბით ტარდება უფასო სკრინინგული კვლევები ადრეულ სტადიაზე დაავადების გამოსავლენად და მკურნალობის პროცესში პაციენტთა დროულად ჩასართავად, რაც უმნიშვნელოვანესია ასეთი დაავადების სამკურნალოდ.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციების დაინტერესების საგანს. აშშ-ს CDC და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აქტიურად არიან ჩართული როგორც პროგრამის მიმდინარეობის შეფასების, ასევე, C ჰეპატიტის ელიმინაციის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების პროცესში.
პროგრამა მიმდინარეობს გეგმის მიხედვით, რაც ყოველწლიურად პროგრამაში 20 000-დან 30 000-მდე მოქალაქის ჩართვას გულისხმობს.
ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს ეწვიოს C ჰეპატიტის მართვის ცენტრს (ფალიაშვილის 110) ჩაიტაროს სკრინინგი უსასყიდლოდ და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთოს პროგრამაში. ასეთივე მართვის ცენტრი სულ მალე ზუგდიდშიც გაიხსნება“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
2017/02/28 15:48:52
კომენტარები
ნანახია: 1626 ჯერ