საქართველოს საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საგანგებო განცხადებით ეხმაურება და გამოძიების დასრულებამდე ყველას თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
“საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ გაოგნებული ვართ მომხდარი ფაქტის გამო, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეს იქნება უმძიმესი ტრაგედია თითოეული ჩვენგანისთვის. ნდობას ვუცხადებთ საგამოძიებო ორგანოებს, თვალყურს ვადევნებთ პროცესების მიმდინარეობას და მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გამოძიების დამთავრებამდე არ ვაკეთებთ საჯარო განცხადებებს. მოგიწოდებთ ყველას, თავი შეიკავოთ სხვადასხვა ვერსიის გავრცელებისაგან”, – ნათქვამია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებაში.
10 თებერვალს მკვლელობის მომზადების ფაქტზე დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. მთავარი პროკურორის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.
მოგვიანებით, ბრალდებული დეკანოზის ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი მამალაძისთვის წარდგენილ ბრალდებაში პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის სახელი ფიგურირებდა.