„არავის აქვს უფლება, ადამიანს და არა მარტო დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება შეუზღუდოს“, – ამის შესახებ საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე აცხადებს.
გიორგი ანდრიაძე სასჯელაღსრულების სამინისტროს თხოვნით მიმართავს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ზიარების უფლება მისცენ.
”არავის აქვს უფლება, მათ შორის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მიხედვით, შეუზღუდოს ადამიანს და არა მარტო მამა გიორგი მამალაძეს რელიგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალება და განსაკუთრებით ისეთი ფუნდამენტური მოთხოვნილების დაკმაყოფილების, როგორიც ზიარებაა. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ასთმიან ადამიანს არ მისცე წამალი. მე ვერაფერ საშიშროებას ვერ ვხედავ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა შეიძლება მოითხოვოს ყველანაირი ნორმის დაცვა, თუმცა სასულიერო პირს, გნებავთ საერო პირსაც, აუცილებლად უნდა ჰქონდეს უფლება, რომ ეზიაროს. ეს მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რამ არის”, – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.
მისივე განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობა არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ადამიანის საერთაშორისო უფლებებს, სადაც რელიგიური მოთხოვნილებები პირველ ადგილზეა.
”მე ვთხოვ, რომ რა თქმა უნდა, არ დაარღვიონ თავიანთი შიდა დებულება, მაგრამ ეს არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას, ხოლო საქართველოს კანონმდებლობა, თავის მხრივ, არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ადამიანის საერთაშორისო უფლებებს, სადაც რელიგიური მოთხოვნილებები პირველ პლანზეა. ეს საერთოდ არ ეხება მამა გიორგი მამალაძის ბრალეულობა-არაბრალეულობის საკითხს. ძალიან ვთხოვთ, რომ ეს ელემენტარული მოთხოვნა დააკმაყოფილონ. ვფიქრობ, გადახედავენ თავის გადაწყვეტილებას, ჩვენ კანონისტები დავეხმარებით ამაში, რომ მოვძებნოთ სამართლებრივი გამოსავალი, თუ არსებობს სამართლებრივი პრობლემა”, – აცხადებს გიორგი ანდრიაძე.
როგორც ცნობილია, დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც ე.წ. მატროსოვის ციხეშია მოთავსებული, ზიარების მიღებას ითხოვს, რისი უფლებაც მას, ამ ეტაპზე, არ ეძლევა.
გიორგი ანდრიაძე სამინისტროს დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის ზიარების უფლების მიცემას სთხოვს
2017/03/02 12:56:23
კომენტარები
ნანახია: 1616 ჯერ