აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა მოსკოვის მახლობლად მომხდარ ტერაქტში უკრაინის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების სავარაუდო ჩართულობასთან დაკავშირებით ცინიკური სიცრუეა.
„ვიხილე ეს კომენტარები, ისევე როგორც პრეზიდენტ პუტინის კომენტარები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ამ ტერაქტის უკან რომელიმე ქვეყანა დგას. ვფიქრობ, ცხადია, რომ ეს განცხადებები სიცრუეა“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა.
„ვიტყოდი, რომ კრემლის მრავალი ოფიციალური პირის ეს კომენტარები უპასუხისმგებლოა. ეს განცხადებები ცინიკურია. და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა და მისმა გუნდმა ეროვნული ტრაგედია უკრაინის წინააღმდეგ უკანონო ომის გასამართლებლად გამოიყენეს“, – დასძინა მან.