აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 28 მარტს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ საუდის არაბეთი და სხვა არაბული სახელმწიფოები მზად არიან, სამომავლო შეთანხმებაში ისრაელის არსებობა და ლეგიტიმურობა “სრულად აღიარონ”.
ხუთშაბათს ბაიდენმა ნიუ იორკში აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტებთან, ბილ კლინტონთან და ბარაკ ობამასთან, ერთად ღონისძიებაზე მისი ადმინისტრაციის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაზე ისაუბრეს და კრიტიკოსებს უპასუხეს.
“მე საუდელებთან და ყველა სხვა არაბულ ქვეყანასთან, მათ შორის ეგვიპტესთან, იორდანიასა და კატართან, ერთად ვმუშაობდი. ისინი ისრაელის [არსებობისა და ლეგიტიმურობის] სრულად აღიარებისთვის მზად არიან”. – თქვა ბაიდენმა.
ბაიდენს მხარდაჭერა ბარაკ ობამამაც გამოუცხადა, რომლის მიხედვითაც, ბაიდენმა პრეზიდენტობის განმავლობაში “მორალური ვალდებულება და სიცხადე” აჩვენა. ობამას თქმით, “ბაიდენი მზად არის, ამ [ისრაელის საკითხზე] დებატებში ყველა მხარეს მოუსმინოს და სცადოს, გაარკვიოს, შეგვიძლია თუ არა საერთო ნიადაგის პოვნა”.
ბოლო პერიოდში დემოკრატი პროგრესისტები, ასევე მუსლიმი და არაბი ამერიკელები ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ღაზაში ისრაელის სამხედრო კამპანიის შესაკავებლად ბაიდენმა უფრო მეტი უნდა მოიმოქმედოს.
ბაიდენის ამბობს, რომ მიმდინარე ომში ზედმეტად ბევრი უდანაშაულო ისრაელელი და პალესტინელი მსხვერპლია, თუმცა დაამატა, რომ “ისეთ პოზიციაში ვართ, რომ საშიშროების ქვეშ თავად ისრაელის არსებობის საკითხი დგას”.
ამასთანავე, ბაიდენის თქმით, “გასაგებია, რომ ისრაელს ასეთი ღრმა ბრაზი ჰქონდა და ჰამასი ისევ იქ [ღაზაში] არის”, თუმცა, ბაიდენი ამატებს, რომ უნდა შეწყდეს ქმედებები, რომლებიც უდანაშაულო მოქალაქეების სიკვდილს იწვევს.