“ბიძინა ივანიშვილთან ყოველდღიურ შეხებაში ყოფნა არის კომფორტი და დეტალებს შიდა სამზარეულოს შესახებ ნამდვილად ვერ მოგიყვებით”, – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დაინტერესდა იმით თუ „სად არის ბიძინა ივანიშვილი“.
მდინარაძის თქმით, ივანიშვილის რჩევები შეუფასებელია.
„მე ვხედავ ჩვენთან ერთად ძალიან ხშირ კომუნიკაციაში მყოფ ჩვენს საპატიო თავმჯდომარეს. ბატონი ბიძინას რჩევები რომ შეუფასებელია, გულწრფელად ვამბობ, მე მგონი ამაში ეჭვი არ გეპარებათ. ჩვენთვის უდიდესი კომფორტია ის, რომ დღეს გვაქვს იმის საშუალება, რომ ის იყოს ჩართული დისკუსიაში, პოლემიკაში და მისი რჩევები გაითვალისწინოს პარტიამ, მისი რჩევების გათვალისწინებით გადაწყდეს საკითხები. ამაზე დიდი კომფორტი, დამიჯერეთ, არ არსებობს, როდესაც ბატონი ბიძინა უშუალოდ, თვითონ არის ჩართული ამაში. თქვენ რომ რაღაც რესურსებს გამოყოფთ ხოლმე მის მთავარ პლუსად, ასე ვთქვათ, რეალურად მისი გონებრივი შესაძლებლობები არის ის რესურსი, რომელიც ანგრევს „ნაცმოძრაობასაც“, მის კლასტერსაც და საქართველოში რაღაც უხეშად ჩარევის მცდელობებსაც და ეროვნული ინტერესების დაცვას ემსახურება. ეს გონივრული რესურსია ჩვენთვის იმდენად ფასეული და ძვირფასი, რომ ამაზე სპეციალურად ვამახვილებ ახლა ყურადღებას“, – განაცხადა მდინარაძე.