„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ოპონენტები ისევ რუსულად შერაცხავენ – რა არის რუსული ან რა პრობლემაა, რომ წელიწადში ერთხელ, უცხოური დაფინანსების მიმღებმა ორგანიზაციამ დეკლარაცია შეავსოს?!, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ კანონპროექტს ოპონენტები ისევ რუსულად შერაცხავენ, იმიტომ, რომ მათ დღემდე არ მოუშლიათ ტერმინი – რუსული კანონი. ის სიყალბე, რაც საუკუნის აფერას სახით ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყანაში და საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი მათ შეცდომაში შეიყვანეს, დღემდე რჩება, ამიტომ ახლა მათ [ოპოზიციას] მოუწევთ არა უბრალოდ რუსული კანონის ძახება, არამედ მოუწევთ საგნობრივ დისკუსიაში შემოსვლა. რა არის რუსული, ან რა პრობლემაა ის, რომ წელიწადში ერთხელ უცხოური დაფინანსების მიმღებმა ორგანიზაციამ და არა რომელიმე კერძო პირმა, როგორც ამას საზოგადოებას ატყუებდნენ, დეკლარაცია შეავსოს?!“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში ხელახლა წარადგინოს.